Guidance

Notice of rights and entitlements Georgian (PACE Code C) (accessible version)

Updated 27 January 2020

გახსოვდეთ თქვენი უფლებები წინასწარი დაკავების დროს

ინგლისისა და უელსის კანონის თანახმად თქვენ გარანტირებული გაქვთ ამ ცნობარში მოყვანილი უფლებები, რომლებიც შეესაბამება ევროკავშირის 2012/13 დირექტივას სისხლის სამართლის საქმის წარმოების დროს ინფორმაციის მიღებაზე უფლების შესახებ

ამ გვერდზე ჩამოთვლილია თქვენი უფლებები პოლიციის განყოფილებაში ყოფნის დროს

შემდეგ გვერდებზე პარაგრაფებში 1-11 მოცემულია დამატებით ინფორმაცია.

სრული ინფორმაცია იხილეთ კრებულში “პოლიციის ქცევის უწყებრივი კოდექსი”.

  1. თუ გსურთ ადვოკატის დახმარება პოლიციის განყოფილებაში ყოფნისას, განუცხადეთ ამის შესახებ პოლიციას. ეს მომსახურება უფასოა.
  2. თუ გსურთ ვინმეს აცნობოთ თქვენი ადგილსამყოფელის შესახებ, განუცხადეთ ამის შესახებ პოლიციას. ეს მომსახურება უფასოა.
  3. თუ გსურთ გაეცნოთ მათ წესებს, განუცხადეთ ამის შესახებ პოლიციის თანამშრომლებს – წესების კრებულის დასახელებაა Codes of Practice.
  4. თუ გჭირდებათ სამედიცინო დახმარება, განუცხადეთ ამის შესახებ პოლიციის თანამშრომლებს. სამედიცინო მომსახურება უფასოა.
  5. თუ თქვენ დაგისვამენ კითხვებს დანაშაულის გარშემო, რომელზეც თქვენ ითვლებით ეჭვმიტანილად, არა ხართ ვალდებული გასცეთ პასუხი. თუმცა თუ დაკითხვისას არ ახსენებთ ფაქტებს, რაც მომავალში სასამართლოში დაგეხმარებათ, ამით შეიძლება ზიანი მიაყენოთ თქვენი დაცვის საქმეს. ნებისმიერი თქვენი ნათქვამი შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც მტკიცებულება.
  6. პოლიციის თანამშრომლები ვალდებული არიან დაასახელონ ის დანაშაული, რაზეც თქვენ ითვლებით ეჭვმიტანილად, რის გამოც აგიყვანეს და იმყოფებით დაკავებული.
  7. პოლიციის თანამშრომლები ვალდებული არიან მოგცენ თქვენ ან თქვენს ადვოკატს საშუალება გაეცნოთ ჩანაწერებს და დოკუმენტაციას, რომლებშიც აღნიშნულია, თუ რისთვის აგიყვანეს, რატომ ხართ დაკავებული და რამდენ ხანს დაჰყობთ პოლიციაში.
  8. თუ გჭირდებათ თარჯიმანი, პოლიციის თანამშრომლები ვალდებული არიან მოგიყვანონ სპეციალისტი. თქვენ გაქვთ უფლება გადაათარგმნინოთ გარკვეული დოკუმენტაცია. ეს მომსახურება უფასოა.
  9. აცნობეთ პოლიციის თანამშრომლებს, რომ თქვენ არ ხართ ბრიტანეთის მოქალაქე და რომ გსურთ დაუკავშირდეთ თვენი ქვეყნის საელჩოს ან საკონსულოს, ან შეატყობინონ მათ თქვენი დაკავების შესახებ. ეს მომსახურება უფასოა.
  10. პოლიცია ვალდებულია გაცნობოთ, რამდენ ხანს შეუძლია ჰყავდეთ დაკავებული.
  11. თუ თქვენ წაგიყენეს ბრალდება და თქვენი საქმე გადაეცა სასამართლოს, თქვენ ან თქვენს ადვოკატს მოგცემენ უფლებას სასამართლოს სხდომამდე გაეცნოთ ბრალდების მხარის მასალებს.

თუ ამ უფლებათაგან რამე ვერ გაიგეთ, აცნობეთ პოლიციის იზოლატორის ოფიცერს

დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოგეპყრონ პოლიციაში, შეგიძლიათ იხილოთ ამ მოკლე შემაჯამებელი ტექსტის შემდეგ

უფლებათა და შესაძლებლობათა ცნობარის წინამდებარე გამოცემა ძალაშია 2019 წლის 21 აგვისტო

შეინახეთ ეს ინფორმაცია და გაეცანით მას პირველივე შესაძლებლობისას. იგი დაგეხმარებათ გადაწყვეტილებების მიღებაში პოლიციის განყოფილებაში ყოფნის დროს.

1. ადვოკატის დახმარების მიღება

  • ადვიკატი გაგიწევთ დახმარებას და მოგცემთ რჩევებს კანონმდებლობის შესახებ.
  • ადვოკატთან    გასაუბრების მოთხოვნა, არ ნიშნავს, რომ თქვენ ჩაიდინეთ დანაშაული.
  • პოლიციის იზოლატორის თანამშრომელი ვალდებულია გკითხოს გსურთ თუ არა მიიღოთ იურიდიული კონსულტაცია. ეს მომსახურება უფასოა.
  • პოლიცია ვალდებულია პოლიციის განყოფილებაში ყოფნის დღე– ღამის ნებისმიერ დროს მოგცეთ საშუალება ესაუბროთ თქვენს ადვოკატს.
  • თუ თქვენ ითხოვთ იურიდიულ კონსულტაციას, პოლიციის თანამშრომლებს, როგორც წესი, არა აქვთ უფლება დაგისვან კითხვები, ვიდრე თქვენ არ მოგეცემათ საშუალება ესაუბროთ ადვოკატს. როცა პოლიციის თანამშრომლები გისვავენ კითხვებს, თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ოთახში თქვენი ადვოკატის დასწრების უფლება.
  • თუ თქვენ თავიდან განუცხადეთ პოლიციას, რომ არ გსურთ იურიდიული კონსულტაცია, მაგრამ შემდეგ შეცვალეთ გადაწყვეტილება, მიმართეთ პოლიციის იზოლატორის თანამშრომელს და იგი დაგაკავშირებთ ადვოკატთან.
  • თუ ადვიკატი არ გამოცხადდება ან არ დაგიკავშირდებათ პოლიციის განყოფილებაში, ან თუ თქვენ გსურთ ესაუბროთ მას განმეორებით, სთხოვეთ პოლიციის თანამშრომლებს, რომ კვლავ დაუკავშირდნენ მას.

უფასო იურიდიული კონსულტაცია ზოგიერთ ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხზე:

  • ზოგიერთ შემთხვევაში, რომელიც ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებს ეხება, უფასო იურიდიული კონსულტაცია შემოიფარგლება დამნაშავეთა დაცვის სამსახურის (CDS) კვალიფიცირებული კონსულტანტების  სატელეფონო კონსულტაციით გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევებისა, როცა ადვოკატი უნდა მოვიდეს პოლიციის განყოფილებაში იმის გამო, მაგალითად, რომ:
    • პოლიციას სურს დაგისვათ შეკითხვა დანაშაულის შესახებ, ან ჩაატაროს   ამოცნობის   პროცედურა   თვითმხილველის თანდასწრებით.
    • თქვენ გესაჭიროებათ დახმარება „შესაფერისი სრულწლოვანი პირის“ მხრიდან: იხილეთ „პიროვნებები, ვისაც დახმარება სჭირდებათ“.
    • თქვენ არ შეგიძლიათ ტელეფონით საუბარი, ან
    • თქვენს მიმართ პოლიციის მხრიდან ადგილი ქონდა სერიოზულ დარღვევებს.

როდესაც უფასო იურიდიული კონსულტაცია არ იზღუდება დამნაშავეთა დაცვის სამსახურიდან (CDS) იურიდიული კონსულტაციის ტელეფონით მიღებით:

  • უფლება გაქვთ მოითხოვოთ იმ ადვოკატთან საუბარი, რომელსაც თქვენ იცნობთ და ვისთვისაც გაწეული იურიდიული მომსახურებისთვის საფასურის გადახდა არ დაგჭირდებათ.. თუ თქვენ არა გყავთ ნაცნობი ადვიკატი ან თქვენ ნაცნობ ადვოკატთან დაკავშირება არ ხერხდება, შეგიძლიათ დაელაპარაკოთ მორიგე ადვოკატს. ეს მომსახურება უფასოა.
  • მორიგე ადვოკატს არაფერი აქვს საერთო პოლიციასთან.

უფასო იურიდიული კონსულტაციის ორგანიზება:

  • პოლიცია დაუკავშირდება დამცველ ადვოკატთა სატელეფონო– საინფორმაციო ცენტრს (DSCC). DSCC-ს თანამშრომლები უზრუნველყოფენ თქვენთვის იურიდიული კონსულტაციის გაწევას ან დამნაშავეთა დაცვის სამსახურის (CDS) ან თქვენს მიერ შერჩეული ადვოკატის, ან მორიგე ადვოკატის მხრიდან.
  • დამცველ ადვიკატთა სატელეფონო–საინფორმაციო ცენტრი (DSCC) და დამნაშავეთა დაცვის სამსახური (CDS) დამოუკიდებელ სამსახურს წარმოადგენს, რომლის პასუხისმგებლობაში შედის იურიდიული კონსულტაციის ორგანიზება და არაფერი აქვთ საერთო პოლიციასთან.

თუ გსურთ თავად გადაიხადოთ იურიდიული კონსულტაციის საფასური:

  • ყველა შემთხვევაში, თქვენი სურვილისებრ, შეგიძლიათ თავად გადაიხადოთ იურიდიული კონსულტაციის საზღაური.
  • როცა უფასო იურიდიული კონსულტაცია შემოიფარგლება სატელეფონო კონსულტაციით დამნაშავეთა დაცვის სამსახურის (CDS) მხრიდან, თქვენ, სურვილისებრ, მაინც შეგიძლიათ დაელაპარაკოთ ტელეფონით თქვენს მიერ შერჩეულ ადვოკატს, მაგრამ იურიდიული დახმარების სამსახური ჰონორარს მათ არ გადაუხდის და ალბათ თქვენ გთხოვენ ხარჯის დაფარვას. დამცველ ადვოკატთა სატელეფონო–საინფორმაციო ცენტრი (DSCC) დაუკავშირდება თქვენს ადვოკატს თქვენი სახელით.
  • თქვენ უფლება გაქვთ კონფიდენციალურად გაესაუბროთ თქვენს მიერ არჩეულ ადვოკატს ტელეფონის საშუალებით, ან მან შეიძლება არჩიოს თქვენთან პოლიციის განყოფილებაში მოსვლა.
  • თუ თქვენს მიერ არჩეულ ადვოკატთან დაკავშირება ვერ ხერხდება, პოლიციას შეუძლია მიმართოს DSCC–ს და მოითხოვოს მორიგე ადვოკატის მხრიდან უფასო იურიდიული კონსულტაციის ორგანიზება.

2. შეტყობინება   პოლიციის     განყოფილებაში თქვენი ყოფნის შესახებ

  • თქვენ შეგიძლიათ სთხოვოთ პოლიციის თანამშრომლებს დაუკავშირდნენ ვინმეს, ვინც უნდა იცოდეს, რომ თქვენ პოლიციის განყოფილებაში იმყოფებით. ეს მომსახურება უფასოა..
  • ისინი შესაძლებისდაგვარად სწრაფად დაუკავშირდებიან თქვენს მიერ დასახელებულ პირს.

3. პოლიციის ქცევის უწყებრივი კოდექსი

  • ქცევის უწყებრივი კოდექსი წარმოადგენს „წესების კრებულს“, რომელშიც ჩამოყალიბებულია, თუ რის გაკეთება შეუძლია და არ შეუძლია პოლიციას თქვენი პოლიციის განყოფილებაში ყოფნის დროს.

  • პოლიცია მოგცემთ საშუალებას გაეცნოთ აღნიშნულ კოდექსს, მაგრამ ვერ გააკეთებთ ამას თუკი თქვენი ქმედება ხელს შეუშლის პოლიციას იმის გარკვევაში დაარღვიეთ თუ არა თქვენ კანონი.

  • თუ გსურთ წაიკითხოთ ქცევის უწყებრივი კოდექსი, მიმართეთ პოლიციის იზოლატორის მორიგე ოფიცერს.

4. სამედიცინო დახმარების მიღება ავადმყოფობის ან დაშავების შემთხვევაში

  • მიმართეთ პოლიციის თანამშრომლებს თუ თავს ცუდად გრძნობთ, გჭირდებათ მედიკამენტი, ან დაშავდით.. ისინი ექიმს, ექთანს, ან მედიცინის სხვა სპეციალისტს გამოიძახებენ. ეს მომსახურება უფასოა.

  • თქვენ შეიძლება დაგრთონ ნება მიიღოთ თქვენი საკუთარი წამალი, თუმცა პოლიციას ევალება მისი წინასწარ შემოწმება. როგორც წესი პირველად ექთანი გინახულებთ, მაგრამ პოლიცია ექიმსაც გამოიძახებს საჭიროების შემთხვევაში.. შეგიძლიათ სხვა ექიმი მოითხოვოთ, ასეთ შემთხვევაში მომსახურების საფასური თქვენ უნდა დაფაროთ.

5. „დუმილის“ უფლება

თუ დაგისვამენ კითხვებს დანაშაულის შესახებ, რომელზეც თქვენ ითვლებით    ეჭვმიტანილად,    თქვენ    არა     ხართ ვალდებული უპასუხოთ.

თუმცა, თუ დაკითხვისას არ მოიხსენიებთ ფაქტებს, რაც მომავალში სასამართლოში დაგეხმარებათ, ამით შეიძლება ზიანი მიაყენოთ თქვენი დაცვის საქმეს.

ყოველი თქვენი ნათქვამი შეიძლება გამოყებული იყოს როგორც მტკიცებულება.

6. ინფორმაცია დანაშაულის შესახებ, რომელზეც ითვლებით ეჭვმიტანილად და ინფორმაცია თქვენი აყვანისა და დაკავების შესახებ

  • პოლიცია ვალდებულია გაცნობოთ იმ დანაშაულის შინაარსი, რომლის ჩადენაზე ხართ ეჭვმიტანილი. მათ შორის, თუ როდის და სად მოხდა დანაშაული.
  • პოლიცია ვალდებულია გაცნობოთ, რის საფუძველზე თვლის, რომ დანაშაული თქვენს მიერ არის ჩადენილი და რატომ იყო თქვენი დაკავება საჭირო.
  • პოლიციის განყოფილებაში პოლიცია ვალდებულია განგიმარტოთ, რის საფუძველზე თვლის, რომ თქვენთვის თავისუფლების აღკვეთა აუცილებელია.
  • სანამ თქვენ ნებისმიერი სახის კითხვას დაგისვამდნენ რაიმე დანაშაულის შესახებ, პოლიცია ვალდებულია მოგაწოდონ თქვენ და თქვენს ადვოკატს საკმარისი ინფორმაცია იმის შესახებ, რაც პოლიციის აზრით თქვენ ჩაიდინეთ, იმისათვის, რომ თქვენ შეძლოთ თავის დაცვა თუმცა არა მაშინ, როცა ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს პოლიციის მოკვლევას.
  • ეს ეხება ნებისმიერ სხვა დანაშაულსაც, რომელიც პოლიციის აზრით თქვენ ჩაიდინეთ.

7. თქვენი დაკავებისა და თავისუფლების აღკვეთის ჩანაწერების და დოკუმენტაციის შინაარსის გაცნობა

  • როდესაც თქვენ პოლიციის განყოფილებაში ხართ დაკავებულის სტატუსით, პოლიცია ვალდებულია:
    • ჩაწეროს თქვენს დაკავების ბარათში დაკავების მიზეზი და საჭიროება და აგრეთვე ის, თუ რატომ თვლიან აუცილებლად თავისუფლების აღკვეთას.
    • მოგცეთ თქვენ და თქვენს ადვოკატს საშუალება გაეცნოთ აღნიშნულ ჩანაწერებს. ამას ორგანიზებას გაუკეთებს იზოლატორის ოფიცერი.
  • აღნიშნული    ეხება    ნებისმიერ    სხვა დანაშაულსაც, რომელიც პოლიციის აზრით თქვენ ჩაიდინეთ.
  • პოლიცია ვალდებულია უფლება მოგცეთ თქვენ და თქვენს ადვოკატს გაეცნოთ დოკუმენტაციას და მასალებს, რომლებიც მნიშვნელოვანია თქვენი დაკავებისა და თავისუფლების აღკვეთის საქმეში კანონიერების დასაცავად.

8. თარჯიმნის    დასწრება   და    გარკვეული საბუთების თარგმნა თქვენს საქმეში დასახმარებლად

  • თუ თქვენ ინგლისურად არ ლაპარაკობთ და არ გესმით ინგლისური, პოლიციის თანამშრომლები გამოიძახებენ ვინმეს ვინც თქვენს ენაზე ლაპარაკობს და დაგეხმარებათ. ეს მომსახურება უფასოა.
  • თუ თქვენ ყრუ ხართ ან გიჭირთ ლაპარაკი, პოლიციის თანამშრომლები გამოიძახებენ ყრუ–მუნჯთა ენის ინგლისელ თარჯიმანს თქვენ დასახმარებლად. ეს მომსახურება უფასოა.
  • თუ თქვენ ინგლისურად არ ლაპარაკობთ და არ გესმით ინგლისური, პოლიცია თარჯიმნის საშუალებით გაცნობებთ დაკავების მიზეზს. ეს პროცედურა აუცილებელია უკლებლივ ყველა შემთხვევაში, როცა კი პოლიცია გადაწყვეტს თქვენს დაკავებას.
  • თქვენი დაკავების შესახებ გადაწყვეტილების მიღების ყველა შემთხვევაში და რაიმე დანაშაულის ჩადენისათვის ბრალდების წაყენების შემდეგ პოლიცია ვალდებულია გადმოგცეს თქვენს მშობლიურ ენაზე ნათარგმნი ოფიციალური ანგარიში იმის თაობაზე, თუ რატომ დაგაკავეს და რა დანაშაულის ჩადენაში გედებათ ბრალი, თუკი რაიმე განსაკუთრებული მიზეზით ამის გაკეთება არ შეიძლება. ასეთი მიზეზებია:
    • თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ თავის დასაცავად არ გჭირდებათ ამგვარი საბუთი, რადგან თქვენ სრულად ათვითცნობიერებთ იმას, თუ რა ხდება და თუ რა შედეგები შეიძლება მოყვეს თქვენს უარს გამოიყენოთ თქვენი უფლება მიიღოთ ეს ჩანაწერი და აგრეთვე თუ პოლიციამ მოგცათ საშუალება მიგემართათ ადვოკატისთვის დაგხმარებოდათ გადაწყვეტილების მიღებაში. თქვენი თანხმობა აუცილებლად უნდა იყოს წერილობით ფორმაში.
    • თუ წერილობითი თარგმანის ნაცვლად ზეპირ თარგმანს ან თარჯიმნის მეშვეობით გადმოცემულს მოკლე შინაარსს საკმარისად ჩათვლით იმისათვის, რომ თავი დაიცვათ და სრულად გაათვითცნობიეროთ, თუ რა ხდება, და თუ ამის ნებას დაგრთავთ პოლიციის იზოლატორის ოფიცერი.
  • როცა პოლიციის თანამშრომლები დაგისვამენ კითხვებს, მაგრამ აუდიო ჩანაწერს არ გააკეთებენ, თარჯიმანი წერილობით დააფიქსირებს კითხვებს და თქვენს პასუხებს თქვენს ენაზე. თქვენ გექნებათ საშუალება შეამოწმოთ ჩანაწერები სანამ ხელს მოაწერთ და დაადასტუროთ მათი სისწორე.
  • თუ თქვენ გსურთ გააკეთოთ განცხადება პოლიციისათვის, თარჯიმანი შეადგენს ამ განცხადების ასლს თქვენს ენაზე, რომელსაც თქვენ შეამოწმებთ და ხელს მოაწერთ და დაადასტურებთ მის სისწორეს.
  • თქვენ აგრეთვე გაქვთ უფლება მიიღოთ წინამდებარე ბროშურის თარგმანი. თუ წერილობითი თარგმანი არ არის ხელმისაწვდომი, ინფორმაცია უნდა მოგაწოდონ თარჯიმნის საშუალებით და არ დააყოვნონ თარგმანის მოწოდება.

9. თქვენი ქვეყნის საელჩოსთან ან საკონსულოსთან დაკავშირება

თუ თქვენ არა გაქვთ ბრიტანეთის მოქალაქეობა, შეგიძლიათ უთხრათ პოლიციის თანამშრომლებს, რომ გსურთ დაუკაშირდეთ თქვენი ქვეყნის საელჩოს ან საკონსულოს, რათა აცნობოთ, თუ სად იმყოფებით და თუ რატომ ხართ პოლიციის განყოფილებაში. საელჩოსა ან საკონსულოს წარმომადგენელი შეიძლება გეწვიოთ პირისპირ საუბრისთვის ან გამოგიგზავნოთ ადვოკატი.

10. რამდენი ხნით შეიძლება თქვენი დაკავება

  • ჩვეულებრივ ბრალდების წარდგენის გარეშე შეუძლიათ დაგაკავონ 24 საათით. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს, თუკი ამ დანაშაულთან დაკავშირებული საქმე განიხილება სამეფო სასამართლოში მოსამართლისა და მსაჯულის მიერ და პოლიციის უფროსის ნებართვის, ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. 36 საათის შემდეგ მხოლოდ სასამართლოს შეუძლია დართოს ნება პოლიციას დამატებითი ვადით დაგაკავონ ბრალდების წარდგენის გარეშე.
  • დროდადრო, და საკმაოდ ხშირად, პოლიციის მაღალი თანამდებობის თანამშრომელი ვალდებულია გადახედოს თქვენს საქმეს, რომ გაარკვიოს, უნდა გაგრძელდეს თუ არა კიდევ დაკავების ვადა. ამას ჰქვია საქმის გადასინჯვა, რასაც ასრულებს მაკონროლებელი ოფიცერი. თქვენ გაქვთ უფლება ამგვარი გადაწყვეტილების თაობაზე თქვენი პირადი აზრი გააცნოთ მაკონტოლებელ ოფიცერს წერილობით ან ვიდეოკავშირის საშუალებით, თუკი თქვენი ჯანმრთელობა და ფიზიკური მდგომარეობა ამის საშუალებას გაძლევთ. სხვა შემთხვევაში, თქვენს ადვოკატსაც აქვს უფლება თქვენი სახელით გამოთქვას აზრი ამის თაობაზე.
  • თუ საქმის მაკონროლებელი ოფიცერი არ გაგანთავისუფლებთ, თქვენ უნდა გაცნობონ მიზეზი და უნდა გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი თქვენს დაკავების ბარათში.
  • თუ თქვენი დაკავება არ არის აუცილებელი, თქვენ აუცილებლად უნდა გაგანთავისუფლონ. თუ პოლიცია გატყობინებთ, რომ სჭიროა სამართალდარღვევის გამოძიების გაგრძელება, მაშინ თქვენ გაგათავისუფლებენ გირაოთი ან გირაოს გარეშე. გირაოს შემთხვევაში, პოლიცია ვალდებულია წერილობითი შეტყობინოს, რომ უნდა დაბრუნდეთ პოლიციის განყოფილებაში და მოგაწოდოს ინფორმაცია ნებისმიერ პირობის შესახებ, რომელიც უკავშირდება თქვენს გირაოს.
  • როდესაც პოლიციას სურს მიმართოს სასამართლოს თხოვნით გააგრძელოს თქვენი დაკავების ვადა:
    • თქვენ უნდა წარდგეთ სასამართლოს წინაშე გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ვიდეო კავშირი სასამართლოს დარბაზთან, რაც მოგცემთ საშუალებას უყუროთ და უსმინოთ სასამრთლოში  მყოფი  ხალხს  და  მათაც  მისცემს  საშუალებას დაგინახონ და მოგისმინონ თქვენ.
    • ვიდეო კავშირის დამყარება არ შეიძლება სანამ ამის საჭიროებას არ განსაზღრავს იზოლატორის ოფიცერი, სანამ ადვოკატი არე გირჩევთ ვიდეო კავშირის გამოყენებას და სანამ თქვენ არ გამოთქვამთ თანხმობას.
    • თქვენ უნდა გადმოგცენ იმ ინფორმაციის ასლი, რომელიც აცნობს სასამართლოს მტკიცებულებებს და მიზეზებს, რის საფუძველზეც პოლიცია ითხოვს თქვენი დაკავების ვადის გაგრძელებას.
    • თქვენ გაქვთ უფლება სასამართლოზე იყოლიოთ თქვენი ადვოკატი.
    • პოლიციას ექნება თქვენი დაკავების უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მიიჩნევს ამას აუცილებლად და ჩათვლის, რომ პოლიცია თქვენს საქმეს იძიებს ყურადღებით და გაუჭიანურებლად.
  • თუ პოლიციას აქვს საკმარისი მტკიცებულება იმისთვის, რომ სასამართლოს გადასცეს თქვენი საქმე, თქვენ ბრალდება შეიძლება წარგედგინოთ პოლიციის განყოფილებაში ან ფოსტით და მოგეთხოვებათ წარდგეთ სასამართლოს წინაშე.

11. მტკიცებულებებთან წვდომა, თუ თქვენი საქმე გადაეცა სასამართლოს

თუ თქვენ წარგიდგინეს ბრალი დანაშაულის ჩადენისთვის, თქვენ ან თქვენს ადვოკატს მოგეცემათ უფლება გაეცნოთ თქვენს წინააღმდეგ არსებულ მტკიცებულებებს და აგრეთვე მტკიცებულებებს, რომლებიც დაეხმარება თქვენს დაცვას. ეს უნდა გაკეთდეს მანამ, სანამ სასამართლო განხილვა დაიწყება. პოლიციამ და სამეფო პროკურატორის სამსახურმა უნდა მოახდინოს ამის ორგანიზება და უზრუნველყოს წვდომა შესაბამის საბუთბზე და მასალებზე.

კიდევ რა უნდა იცოდეთ პოლიციის განყოფილებაში ყოფნის დროს

თქვენთან დამოკიდებულება და მოპყრობა

ქვემოთ მოყვანილია განმარტებითი ცნობები იმის შესახებ, თუ რას უნდა ელოდეთ პოლიციის განყოფილებაში ყოფნის დროს. დაწვრილებით ინფორმაციასთან გასაცნობად მოითხოვეთ პოლიციის ქცევის უწყებრივი კოდექსი. მასში აღნიშნულია, თუ სად შეიძლება გაეცნოთ დაწვრილებით ინფორმაციას ცალკეულ საკითხზე. კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ პოლიციის იზოლატორის მორიგე ოფიცერს.

პიროვნება, რომელსაც დახმარება სჭირდება

  • თუ თქვენ 18 წელზე ნაკლები ასაკის ხართ ან ხართ დაუცველი, მაგალითად, თუ წერა–კითხვა გიჭირთ, ან გონებრივი პრობლემები გაქვთ, პოლიციის მიერ კონკრეტული ქმედებების ჩატარებისას თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ თანმხლები პირის დასწრება. ასეთი პირი ითვლება  „შესაფერის სრულწლოვან პირად“ და მას გადაეცემა ამ ბროშურის ასლი.
  • შესაბამისი სრულწლოვანი პირი, რომელიც თქვენი წარმომადგენელია, დაგეხმარებათ იმის გაგებაში, თუ რა ხდება და დაიცვას თქვენი ინტერესები. ის აუცილებლად უნდა გახლდეთ, როცა პოლიციის თანამშრომლები გაგინმარტავენ თქვენს უფლებებს და აგიხსნიან, თუ რატომ ხართ დაკავებული და რატომ იმყოფებით პოლიციის განყოფილებაში. ამას გარდა აღნიშნული პირი აუცილებლად თან უნდა გახლდეთ, როცა პოლიციის თანამშრომლები წაგიკითხავენ საუბრის ჩაწერის შესახებ იურიდიული გაფრთხილების ტექსტს.
  • თქვენს წარმომადგენელ „შესაფერის სრულწლოვან პირს“, შეუძლია თქვენი სახელით მოითხოვოს ადვოკატის დახმარება.
  • თუ გსურთ, თქვენს ადვოკატს შეგიძლიათ ელაპარაკოთ „შესაფერისი სრულწლოვანი პირის“ თანხლების გარეშე.
  • პოლიციას შეიძლება დასჭირდეს რომელიმე ქვემოთ მოყვანილი მოქმედების შესრულება. თუკი არ არის რაიმე განსაკუთრებული ხელისშემშლელი პირობა, თქვენი წარმომადგენელი „შესაფერისი სრულწლოვანი პირი“ აუცილებლად უნდა გახლდეთ მთელი იმ დროის განმავლობაში, სანამ პოლიციის თანამშრომლები ასრულებენ რომელიმე ქვემოთ მოყვანილ ქმედებას:
    • დაგკითხავენ, ან გთხოვენ ხელი მოაწეროთ წერილობით განცხადებას ან ჩვენებას, ან პოლიციის ჩანაწერებს.
    • ჩხრეკის მიზნით გხდიან გარე ტანსაცმლის გარდა სხვა სამოს.
    • იღებენ თითის ანაბეჭდებს, ფოტოსურათს ან DNA ან სხვა ანალიზს.
    • ახორციელებენ რაიმე პროცედურას, რომელიც დაკავშირებულია მოწმის მიერ პიროვნების იდენტიფიკაციასთან.
  • თქვენს წარმომადგენელ „შესაფერის სრულწლოვან პირს“, უნდა მიეცეს შესაძლებლობა პირადად ესწრებოდეს ან იყოს ტელეფონზე, რომ დაგეხმაროთ იმ დროს, როდესაც პოლიცია გადასინჯავს თქვენს საქმეს დაკავების ვადის გაგრძელების მიზნით.
  • თუ თქვენს წარმომადგენელ „შესაფერის სრულწლოვან პირს“ ფიზიკურად შეუძლია, იგი აუცილებლად უნდა დაესწროს პოლიციის მიერ თქვენთვის დანაშაულში ბრალის წაყენების პროცედურას.

პოლიციის განყოფილებაში თქვენი დაყოვნების შესახებ დეტალების მიღება

  • ყველაფერი, რაც თქვენთან მიმართებაში ხდება პოლიციის განყოფილებაში ყოფნის დროს, იწერება. ამ ჩანაწერს იზოლატორის ჟურნალი (Custody Record) ეწოდება.
  • პოლიციის განყოფილების დატოვების შემდეგ, თქვენ,თქვენს ადვოკატს, ან თქვენს სრულწლოვან წარმომადგენელს, შეგიძლიათ მოითხოვოთ იზოლატორის ჟურნალის ასლი. პოლიცია ვალდებულია შესაძლებლობისდაგვარად მოკლე ვადაში გადმოგცეთ იზოლატორის ჟურნალის ასლი.
  • თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ იზოლატორის ჟურნალის ასლი პოლიციის განყოფილების დატოვებიდან 12 თვის განმავლობაში.

კონტაქტები

  • ადვოკატთან საუბრისა და თქვენი დაკავების შესახებ ახლობლის შეტყობინების გარდა, თქვენ როგორც წესი, გეძლევათ ერთი სატელეფონო ზარის უფლება.
  • მიმართეთ პოლიციის თანამშრომელს, თუ გსურთ განახორციელოთ სატელეფონო ზარი.
  • თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ მოითხოვოთ საწერი კალამი და ქაღალდი.
  • შეიძლება მოგეცეთ საშუალება მიიღოთ მნახველი, თუმცა იზოლატორის მორიგე ოფიცერს აქვს უარის თქმის უფლება.

თქვენი საკანი

  • თუკი არის შესაძლებლობა, თქვენ ცალკე საკანი უნდა გამოგიყონ.
  • საკანი უნდა იყოს სუფთა, თბილი და ნათელი.
  • საწოლი უნდა იყოს სუფთა და კარგ მდგომარეობაში.
  • აუცილებლად უნდა გქონდეთ საშუალება ისარგებლოთ საპირფარეშოთი და აბაზანით.

პირადი საჭიროებები - ჯანმრთელობა, ჰიგიენა და კეთილდღეობა

  • თქვენ უნდა გკითხონ, გსურთ თუ არა პირადად გაესაუბროთ წინასწარი პატიმრობის პერსონალს ნებისმიერი თქვენი საჭროების შესახახებ, რომელიც ეხება ჯანმრთელობას, ჰიგიენასა და კეთილდღეობას, რამაც შესაძლოა იმოქმედოს თქვენზე ან შეგაწუხოთ დაკავების პერიოდში.
  • თქვენი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად პოლიცია მოგაწვდით აუცილებელ საშუალებებს,. სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაელაპარაკოთ თქვენი სქესის პირს.
  • თუ ხართ 18 წლის ან 18 წელს ზევით ქალბატონი, უნდა გკითხონ, გჭირდებათ თუ არა რაიმე სახის მენსტრუალური ციკლის დროს საჭირო საშუალებები დაკავების პერიოდის განმავლობაში და უნდა გითხრან, რომ:
    • აღნიშნული საშუალებები უზრუნველყოფილი იქნება უფასოდ;
    • ჩამნაცვლებელი საშუალებები ხელმისაწვდომია; და
    • წინასწარი პატიმრობის ოფიცერის თანხმობის შემთხვევაში, აღნიშნული საშუალებები შეიძლება იყოს უზრუნველყოფილი თქვენი ოჯახის ან მეგობრების მიერ მათ ხარჯზე.
  • თუ ხართ 18 წლამდე გოგონა, წინასწარი პატიმრობის ოფიცერი დარწმუნდება, რომ პოლიციის შენობაში ხელმისაწვდომი იქნება ქალბატონი, რომელიც მოგხედავთ და გკითხავთ, გაგაჩნიათ თუ არა პირადი საჭიროებები და მენსტრუალური ციკლის დროს საჭირო საშუალებები.

ტანსაცმელი

თუ თქვენი საკუთარი ტანსაცმელი ჩამოგართვეს, პოლიცია ვალდებულია მოგაწოდოთ სხვა შესაბამისი სამოსი.

საჭმელი და სასმელი

თქვენ უნდა შემოგთავაზონ სამჯერადი კვება სასმელთან ერთად. შუალედში შეგიძლიათ მოითხოვოთ წყალი.

ფიზიკური ვარჯიში

თუ ამის შესაძლებლობა არის, თქვენ უნდა მოგცენ საშუალება ყოველ დღე გახვიდეთ სუფთა ჰაერზე.

პოლიციის მიერ თქვენი დაკითხვის დროს

  • ოთახი უნდა იყოს სუფთა, თბილი და განათებული.
  • თქვენ არ უნდა იდგეთ ფეხზე.
  • პოლიციის თანამშრომლებმა უნდა გითხრათ თავისი სახელი, გვარი და წოდება.
  • თქვენ უნდა მოგეცეთ შესვენება ჩვეულებრივ საჭმლის მიღების საათებში და შესვენება წყლის დასალევად დაახლოებით ყოველ ორ საათში.
  • თქვენ უნდა მოგეცეთ რვა საათიანი შესვენების საშუალება იზოლატორში გატარებული ყოველი 24 საათის განმავლობაში.

რელიგიური მოთხოვნები

თუ გჭირდებათ რაიმე თქვენს რელიგიურ აღმსარებლობასთან დაკავშირებული პროცედურების შესასრულებლად პოლიციის განყოფილებაში, მიმართეთ პოლიციის თანამშრომლებს. საჭიროებისამებრ, მათ შეუძლიათ მოგაწოდონ რელიგიური წიგნები და სხვა ნივთები.

გარემოება, როცა სტანდარტული წესები იცვლება

ადვოკატის დახმარება

არსებობს განსაკუთრებული გარემოება, როცა პოლიციის თანამშრომლებს სასწრაფოდ სჭირდებათ დაგისვან კითხვები ვიდრე თქვენ ადვოკატს დაელაპარაკებით. ინფორმაცია ამგვარი გარემოების

შესახებ მოცემულია „უწყებრივი ქცევის კოდექსში“. აქ ჩამოყალიბებულია, თუ რის გაკეთება შეუძლია პოლიციას და რის არა თქვენი პოლიციის განყოფილებაში ყოფნის დროს. თუ გსურთ დაწვრილებით გაეცნოთ მსგავს ინფორმაციას, იხილეთ უწყებრივი ქცევის კოდექსის“ მუხლი C - პარაგრაფი 6.6.

არსებობს განსაკუთრებული გარემოება, როცა პოლიცია არ მოგცემთ უფლებას ესაუბროთ თქვენს მიერ არჩეულ ადვოკატს. ასეთ შემთხვევაში თქვენ აუცილებლად უნდა მოგეცეთ საშუალება მოითხოვოთ სხვა ადვოკატი. თუ გსურთ დაწვრილებით გაეცნოთ მსგავს ინფორმაციას, იგი განთავსებულია „უწყებრივი ქცევის კოდექსის“ C მუხლის B დანართში.

შეტყობინება თქვენი პოლიციის განყოფილებაში ყოფნის შესახებ

არსებობს განსაკუთრებული გარემოება, როცა პოლიცია არ მოგცემთ უფლებას ვინმეს დაუკავშირდეთ. ინფორმაცია ამგვარი განსაკუთრებული გარემოების შესახებ მოცემულია „უწყებრივი ქცევის კოდექსში“. თუ გსურთ დაწვრილებით გაეცნოთ მსგავს ინფორმაციას, იგი განთავსებულია „უწყებრივი ქცევის კოდექსის“ C მუხლის B დანართში.

ალკოჰოლისა და ნარკოტიკის გავლენის ქვეშ მანქანის მართვის დანაშაულებები

თუ თქვენ დაგაკავეს ალკოჰოლით ან ნარკოტიკული ნივთიერებებით გამოწვეულ არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვის გამო, თქვენ გაქვთ უფლება დაელაპარაკოთ ადვოკატს. აღნიშნული უფლება არ გულისხმობს, რომ შეგიძლიათ უარი უთხრათ პოლიციას სუნთქვის, სისხლის ან შარდის სინჯის აღებაზე მაშინაც კი თუ ადვოკატთან ჯერ არ გისაუბრიათ.

დაკავება 1983 წლის ფსიქიური ჯანმრთელობის შესახებ კანონის საფუძველზე

პოლიციას აქვს აგრეთვე უფლება ფსიქიური ჯანმრთელობის შესახებ კანონის საფუძველზე დაგაკავოთ პოლიციის განყოფილებაში ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, თუ ასაკით ხართ 18 ან მეტი წლის და არსებობს საშიშროება, რომ თქვენი ქცევა მოგაყენებთ თქვენ ან სხვებს სერიოზულ ზიანს ან გამოიწვევს სიკვდილს, და არ არსებობს სხვა ადგილი სადაც შესაძლებელია თქვენი დაკავება. თუ თქვენ დაგაკავეს ფსიქიური ჯანმრთელობის შესახებ კანონის საფუძველზე, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ დაგაკავეს დანაშაულის ჩადენისთვის.

ეს ნიშნავს, რომ პოლიცია ვალდებულია მოიწვიოს ექიმი თქვენი შემოწმების და ფსიქიატრიის კვალიფიცირებული სპეციალისტი თქვენი ფსიქიური მდგომარეობის შეფასების მიზნით. თქვენი მდგომარეობის შეფასება უნდა მოხდეს თქვენი პოლიციის განყოფილებაში მიყვანიდან ან დაკავებიდან არა უგვიანეს 24 საათის განმავლობაში. პოლიციის განყოფილებაში, შეფასებისთვის განკუთვნილი 24 საათის დაკავების პერიოდი შეიძლება გახანგრძლივდეს შემდგომი 12 საათით, თუ ექიმი მიიჩნევს ამის საჭიროებას და მაღალი თანამდებობის პილიციის თანამშრომელი ამას დაამტკიცებს. ამ დროის განმავლობაში პოლიციის თანამშრომლებმა შეიძლება გადაგიყვანონ ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებისთვის უფრო შესაფერის ადგილზე.

ფსიქიური მდგომარეობის შეფასების ჩატარებამდე, პოლიციამ შეიძლება მოიწვიოს კვალიფიცირებული ექიმი. თუმცა აღნიშნულ ექიმს არ შეუძლია თქვენი ფსიქიური მდგომარეობის შეფასება, იგი დაგეხმარებათ თქვენი ჯანმრთელობის სხვა პრობლემების მოგვარებაში და აგიხსნით, თუ რას გულისხმობს ფსიქიური მდგომარეობის შეფასება.

იზოლატორის დამოუკიდებელი ინსპექტორები

საზოგადოების ზოგიერთ წარმომადგენელს აქვს უფლება მოვიდეს პოლიციის განყოფილებაში წინასწარი შეტყობინების გარეშე. ისინი ოფიციალურად ითვლებიან საპატიმროს დამოუკიდებელ ინსპექტორებად და მოქმედებენ როგორც მოხალისეები. მათი მიზანია დარწმუნდნენ, რომ პოლიციის განყოფილებაში პიროვნებას ჯეროვნად ეპყრობიან და აძლევენ საშუალებას ისარგებლონ თავისი უფლებებით.

თქვენ არა გაქვთ უფლება მოითხოვოთ დამოუკიდებელ ინსპექტორთან შეხვედრა ან მოითხოვოთ, რომ დამოუკიდებელი ინსპექტორი თქვენთან მოვიდეს მაგრამ მას შეუძლია მოითხოვოს თქვენთან შეხვედრა. თუ საპატიმროს დამოუკიდებელი ინსპექტორი გეწვევათ თქვენი პოლიციის განყოფილებაში ყოფნის პერიოდში, ამას იგი გააკეთებს პოლიციისაგან დამოუკიდებლად და მისი მიზანი იქნება შეამოწმოს, დაცულია თუ არა თქვენი კეთილდღეობა და უფლებები. თუმცა თქვენ არა ხართ ვალდებული ესაუბროთ ინსპექტორს თუ არა გაქვთ ამის სურვილი.

საჩივარი

თუ გინდათ გამოხატოთ უკმაყოფილება თქვენს მიმართ მოპყრობის შესახებ, მოითხოვეთ შეხვედრა პოლიციის ინსპექტორთან ან უფრო მაღალი ჩინის თანამშრომელთან. განთავისუფლების შემდეგ შეგიძლიათ პირადად შეიტანოთ საჩივარი პოლიციის ნებისმიერ განყოფილებაში, პოლიციის საჩივართა დამოუკიდებელ კომისიაში (IOPC), ან თქვენი ადვოკატის ან თქვენს საარჩევნო ოლქში არჩეულ პარლამენტის წევრის საშუალებით, რომლებიც თქვენი სახელით იმოქმედებენ.